„საქნახშირი“ „მინდელის“ შახტზე მომხდარი შემთხვევის კვლევის პირველად შედეგებს აქვეყნებს

პუბლიკა

„საქნახშირი“„მინდელის“ შახტზე 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შესახებ, კვლევის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ. გთავაზობთ განცხადებას:

„30 იანვარს, „მინდელის“ სახელობის შახტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები შრომის ინსპექციამაც გამოიკვლია. ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს და რომლის საბოლოო დასკვნაც მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. „საქნახშირმა“ წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შემდეგ დარღვევებს:

ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას – უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება.

კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია).

მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე 1%-ზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, საქმის დეტალების კვლევა ჯერ ჯერ არ დასრულებულა.

„შესაბამისი უწყებები და „საქნახშირის“ სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებენ.

„ცნობილია შუალედური შედეგები და გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენთვის გახდა ცნობილი. შუაალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.