საქსტატი: 2024-ის იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 2.7%-ით შემცირდა

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით).

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- აპრილში, 3 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (291.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2% იყო. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (839.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (606.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (445.5 მლნ. აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (964.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (836.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (497.5 მლნ. აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 2024 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი იყო 163 528.3 აშშ დოლარი, ექსპორტი – 1 301 357.3 აშშ დოლარი.

რაც შეეხება რუსეთს, 2024 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის ჯამური ღირებულება 230 420.5 აშშ დოლარს შეადგენს, იმპორტის კი – 606 398.3 აშშ დოლარს.

2024 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 576.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7%-ია. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილზე – ფეროშენადნობები 82.4 მლნ. აშშ დოლარით (4.7%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო – 721.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15%. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 422.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 217.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5%).