სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე: არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ანდრეი კასიანოვის განცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრა.

„როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის, ან ვიღაცების გაკეთებული განცხადების გაგრძელება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც ალბათ წამოცდენას უნდა მივაწეროთ. თორემ ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც შეიძლება საჯაროდ ისაუბრო ადამიანმა და უსურვო შენ მეგობარ სახელმწიფოს  – ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით, ამგვრი დამოკიდებულებებით ოპერირება და საუბარი. პირადად მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული განცხადება, ეს არის პარტნიორული განცხადება და არ მგონია, რომ ეს არის განცხადება, რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.


უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივად საევაკუაციოდ“, – განაცხადა კასიანოვმა.