სასამართლომ წულუკიანზე პოსტის გამო მოქალაქე სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

კულუტურის და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დავა მოქალაქე ქეთა გაბიანთან წულუკიანის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქეთა გაბიანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება ქეთა გაბიანის მიერ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც გაბიანი თეა წულუკიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და წერს, რომ ის „უნდა დამარხოს“.

თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას მიმართა. გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

„ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (მუქარა) პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა – ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.

ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!“, – დაწერა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.

საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავდა.

ქეთა გაბიანის პოსტი სოციალურ ქსელში 2022 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. Facebook-სტატუსში ის მინისტრს შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენიებს და წერს: „წულუკიანი უნდა დავმარხო“.

ქეთა გაბიანის ამ პოსტს მალევე გამოეხმაურა მინისტრიც, რომელმაც დაწერა, რომ გაბიანის დანაშაულებრივი განზრახვა აღქმულია რეალურად და ადეკვატურად.

ქეთა გაბიანის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობდა.