სასამართლოსთან უცნობმა პირებმა მითხრეს, დიდხანს ვერ იპარპაშებო - ჯოჯიშვილი

პუბლიკა

მეტროში პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველი კადრების ავტორმა და დაზარალებულის მეგობარმა გიორგი ჯოჯიშვილმა გადაცემა „ჩათში“ აღნიშნა, რომ სასამართლოსთან უცნობი პირები დაემუქრნენ.

„როდესაც ლეონს ველოდებოდი სასამართლოსთან, ორი ადამიანი იდგა, შავებში ჩაცმული და მითხრეს, რომ შენ დიდხანს ვერ იპარპაშებო. ხელს ვერ დავადებ, რომ პოლიციელები იყვნენ, რადგან სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მიცნეს. ეს ჩვეულებრივი მუქარაა. აღარც გავუჩერდი, აღარც გამოვკითხე, რადგან შეიძლებოდა ერთმანეთში შელაპარაკება მოგვსვლოდა. შეიძლება, სამართალდამცველიც იყო, ან რომელიმე პოლიციელის ნათესავი“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში გიორგი ჯოჯიშვილმა.


სმენის პრობლემის მქონე არასრულწლოვანის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 იანვარს შეეფარდათ.

როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნა, ბრალდებულები ნუგზარ ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ბაკაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს, ბაქრაძის უფლებადამცველი კი მის გათავისუფლებას 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

მოსამართლემ არ გაიზიარა მათი პოზიცია და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს მეტროსადგურ „ისანში“, პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს, რამდენჯერმე დაარტყა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არც ერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება“, – აცხადებს უწყება.

პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით.