სასწრაფოდ აღკვეთეთ დღეს დაგეგმილი კონტრაქციის ძალადობრივი მოწოდებები - ნაცვლიშვილი შსს-ს

პუბლიკა

დღეს, 20 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები კონტრაქციას აანონსებენ. „ლელო-საქართველოს“ დეპუტატებმა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და შს მინისტრს მოუწოდეს, სასწრაფოდ აღკვეთონ დაგეგმილი კონტრაქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები.

„როგორც ბევრისთვის ცნობილია, დღეს მოქალაქეები აანონსებენ მშვიდობიან აქციას საღამოს 8 საათზე, პარლამენტთან. უმსგავსობისა და დანაშაულის გასაპროტესტებლად, მშვიდობიანად, მდუმარედ, რაც გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც პარალელურად აორგანიზებენ კონტრაქციას.

მოვუწოდებ სასწრაფოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, აი ეს ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც ღიად დღისით, მზისით, ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და ხდება ორგანიზებული ძალადობისთვის კიდევ ერთხელ მომზადება, იქნეს სასწრაფოდ აღკვეთილი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა პროკურატურასაც, რომ დაიწყონ გუშინ, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შემთხვევების გამოძიება და საქმეებს სწორი კვალიფიკაცია მისცენ.

„მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას – ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ, არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსაძიებელი. ის, რაც გუშინ მოხდა – უმძიმესი დევნა ჟურნალისტების.

ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამ დროისთვის უკვე გამოკითხული უნდა იყოს შს მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რა ბრძანებები გასცა მან, რომ აღეკვეთა თარეში თბილისის ქუჩებში და იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდა საათების განმავლობაში, როდესაც ჟურნალისტებზე მიმდინარეობდა დევნის ოპერაცია.

მხოლოდ ადმინისტრაციული წესით  შეუფარდეს [სახდელი] ადამიანებს. გირაოთი გამოუშვეს რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი მოძალადე, რომლის ძალადობის კადრები ნახა მთელმა საქართველომ. სასწრაფოდ მოვუწოდებ შინაგანს საქმეთა მინისტრს, რომ აღწეროს დღევანდელი უმძიმესი რისკები, რომელიც უკვე ფიქსირდება გაკეთებული განცხადებებით და მოვუწოდებ პროკურატურას, ნუ სძინავს“.

პროკურატურამ წამოიღოს და აწარმოოს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით. არცერთი დარღვევა, რაც გუშინ ვნახეთ, არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ძალადობის ორგანიზება, მოწოდება ძალადობისკენ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მძიმე დანაშაულები მიმართული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ჯანმრთელობის და ქონების განზრახ დაზიანება, რაც მთავარია, ჯგუფურად და, რაც მთავარია, სიძულვილის მოტივით, მთელ რიგ შემთხვევებში. ამ დანაშაულების ჩაფარცხვა არ გამოვა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.


გუშინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც.