შარლ მიშელის მედიაციით დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკურ ლიდერებს მისი მედიაციით შეხვედრაზე იწვევს.

„მე ძალიან მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია, რომელიც ახლა საქართველოშია. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და აქვს მიღწევები. პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და თვალი გაუსწოროს არსებულ გამოწვევებს, იმოქმედოს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები პოლიტიკური დიალოგისთვის. მე ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დროა.

ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ესაა სასამართლო სისტემის რეფორმა. დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული.

ასევე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა.

ეს არის ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური კრიზისი დღესვე გადაიჭრება, მაგრამ იმედოვნებს, რომ იქნება წინსვლა.

„დღეს საღამოს გვექნება შანსი მივაღწიოთ წინსწვლას. შეიძლება ყველაფერი ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და იქნება განხილული სხვადასხვა საკითხები“, – თქვა შარლ მიშელმა.

LB loan image desktop LB loan image mobile