შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა | პეტიცია

პუბლიკა

შეიქმნა პეტიცია, სადაც ხელმომწერები საქართველოში უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას ითხოვენ. პეტიციის ავტორია თამარ ქაჩლიშვილი.

პეტიციაში ნათქვამია, რომ საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება. მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.

ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი, “- ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორს და ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  მათი თქმით, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.

LB loan image desktop LB loan image mobile