შემაშფოთებელია შემოთავაზებული ცვლილებით სქესობრივ კავშირზე თანხმობის ასაკის 12 წლამდე შემცირება - კოალიცია

პუბლიკა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს და გადაუგზავნეს კომენტარები ადამიანის უფლებათა კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტზე – „სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“.

კოალიციში ამბობენ, რომ ზეპირ განხილვაში მონაწილეობის საშუალება ამ ეტაპზე მხოლოდ კოალიციის თავმჯდომარეს მიეცა, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გააგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან თანასწორობის პრინციპის დაცვით, ორგანიზაციების პერსონალური სიმპათიების მიხედვით  შერჩევითობის გარეშე.

კოალიცია მიესალმება კანონპროექტით 137-ე მუხლში მოცემული გაუპატიურების დეფინიციის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან. კანონპროექტით გათვალისწინებული დეფინიციის თანახმად, გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება „პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით“.

კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას სისხლის სამართლის კოდექსში – არასრულწლოვნის გაუპატიურება (1371ე მუხლი). აღნიშნული მუხლი ამძიმებს პასუხისმგებლობას 12 წელს მიუღწეველი პირის მიმართ როგორც მისი თანხმობით, ისე თანხმობის გარეშე ჩადენილი გაუპატიურებისათვის.

„თუმცა აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციასთან და არ არის თანხვედრაში ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან, რამდენადაც  დასჯადად აცხადებს არასრულწლოვნებს შორის თანხმობაზე დაფუძნებულ სექსუალური ურთიერთობასაც.

აგრეთვე, ბავშვთა ფსიქოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს ასაკობრივ დიფერენციაციას 12 წლამდე და 12 წელს ზემოთ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, ვინაიდან ასაკი არ განსაზღვრავს ბავშვისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმეს; დანაშაულის სიმძიმის შეფასებისას ფსიქოლოგები გამოყოფენ ბავშვის ინდივიდუალური თავსებურებებს, ფიზიკური დაზიანების სიმძიმეს, ძალადობის ხანგრძლივობას, მოძალადისადმი ბავშვის დამოკიდებულებას და სხვა.

ასევე, შემაშფოთებელია შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით სქესობრივ კავშირზე თანხმობის ასაკის დღეს არსებული 16 წლიდან 12 წლამდე შემცირება. ამით კანონმდებელი უშვებს, რომ 12 წლიდან ბავშვს შეუძლია სქესობრივ კავშირზე თანხმობა გამოთქვას  (თუმცა, თანხმობის შემთხვევაშიც კი ქმედება დასჯადი იქნება).

მიგვაჩნია, რომ 12 წელი, როგორც თანხმობის ასაკი, არის უკიდურესად დაბალი, იგი ზრდის ბავშვის „თანხმობით” ექსპლუატაციის საფრთხეს და არ შეესაბამება ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას და პრაქტიკას. დღეს-დღეობით ევროპის ქვეყნებს თანხმობის ასაკად 14-18 წელი აქვთ განსაზღვრული და უმეტესობისთვის ეს ასაკი 15 ან 16 წელია.

წარმოდგენილი კანონპროექტით კონკრეტდება 141-ე მუხლით გათვალისწინებული გარყვნილი ქმედების შინაარსიც და შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რა უნდა იქნეს მიჩნეული გარყვნილ ქმედებად. ასევე, იზრდება სასჯელის ზომა. კოალიცია მიესლმება სასჯელის ზომის გაზრდას, თუმცა, ამ მუხლთან მიმართებითაც გაუმართლებლად მიაჩნია 12-წლიანი ასაკობრივი ზღვარის შემოტანა. კოალიცია ასევე არ იზიარებს შენიშვნის დამატების აუცილებლობას, ვინაიდან გარყვნილი ქმედების დაზუსტებულმა ჩამონათვალმა შესაძლოა პრაქტიკაში პრობლემები შექმნას და შეუძლებელი გახადოს გარყვნილი ქმედების სექსუალური შევიწროებისაგან გამიჯვნა. გარდა ამისა, კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება შენიშვნაში ტერმინ „სოდომიის“ გამოყენებას. აღნიშნული ტერმინის კანონმდებლობაში შემოტანა გააძლიერებს სტიგმას ლგბტქი ადამიანების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, გააგრძელოს საჯარო განხილვა არსებულ ცვლილებათა პაკეტზე და ექსპერტების, ბავშვთა ფსიქოლოგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჯგუფის მონაწილეობით უზრუნველყოს ზეპირი დისკუსიები დისტანციურ რეჟიმში.

ხელმომწერი ორგანიზაციები*:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • თანასწორობის მოძრაობა