შემოწმდა 46 300 მასწავლებელი და სკოლის თანამშრომელი, Covid-19 დაუდასტურდა 0.5%-ს | სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა, მათგან Covid-19 0,5%-ს დაუდასტურდა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის.

გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

სავალდებულო ტესტირებისათვის სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში დასაქმებული ყველა პირი დაარეგისტრირა ბმულზე: https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

15 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს 3 დიდ ქალაქში სწავლა საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს.