შესაძლოა, EU-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი €90-მილიარდიანი დახმარება კვირის ბოლომდე განიბლოკოს

პუბლიკა

უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს დახმარებას ბლოკი შესაძლოა, კვირის ბოლომდე მოეხსნას.

ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა, რომ ეს პრობლემა შესაძლოა, 19-20 მარტის ევროკავშირის სამიტამდეც კი გადაიჭრას.

პინოს თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა დასთანხმდა ევროკავშირის წინადადებას, მიიღოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ნავთობსადენ „დრუჟბის“ შესაკეთებლად, კიევისთვის 2026-27 წლებში 90 მილიარდი ევროს მიწოდების საკითხი უახლოეს მომავალში განიბლოკება.

„იდეალური იქნება, თუ ეს ევროპული საბჭოს სხდომამდე მოხდება“, – განაცხადა პინომ.

მისივე განცხადებით, ექსპერტი ევროკავშირიდან მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად.

„პროცესები ახლაც მიმდინარეობს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნავთობსადენის შეკეთება-აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო შესრულდება და ნავთობის მიწოდება საბოლოოდ განახლდება“, – თქვა მან.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბის“ აღდგენაში ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება, გუშინ, 17 მარტს განაცხადეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, განაცხადეს, რომ „ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა და უკრაინულმა მხარემ ეს შეთავაზება მიიღო“.

„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან მიეწოდება რუსული ნავთობი უნგრეთს, სლოვაკეთსა და ბელარუსს.

ნავთობსადენი ამჟამად არ მუშაობს – ის უკრაინის ტერიტორიაზეა დაზიანებული.

ამის გამო ნავთობი არ მიეწოდება სლოვაკეთსა და უნგრეთს.

ამ საბაბით უნგრეთმა დაბლოკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი, „სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით“. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას იმავე საბაბით.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს განაცხადა, ნავთობსადენის შეკეთებას თვე-ნახევარი დასჭირდება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, მანამდე განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებების ბლოკირებას, სანამ კიევი „დრუჟბის“ ნავთობსადენით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს.

ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე 2025 წლის დეკემბერში შეთანხმდა, ხოლო დახმარების პაკეტი ევროკომისიამ 14 იანვარს წარადგინა.

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინას გადაეცემა €90 მილიარდი, სესხის სახით, საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში.