შეშფოთებას გამოვხატავ დეზინფორმაციის გამო, თითქოს აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება - ადამ კინზინგერი

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი twitter-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გამოხატავს შეშფოთებას ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება.

„ერთი შეხედვით, ეს განცხადება აბსურდია. თურქეთი არის საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა, მე შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აირიდოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და ეფექტიანი როლი შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში“, – წერს კინზინგერი.

ამერიკელი კონგრესმენი მოუწოდებს ყველა პარტიას, იყვნენ გამჭვირვალე ნებისმიერ უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ წამქეზებელი და საშიში რიტორიკისგან.

„მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და მე ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, – წერს ადამ კინზინგერი.


„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო” – ეწერა აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერზე.

„ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos! რასაც ფოტოზე ხედავთ!”, – ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი facebook-ზე მათი საარჩევონო ბანერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.