„შეწყდეს სამუშაოები „ოქროს ჩარდახზე" - „მემკვიდრეობის პლატფორმა" სრულყოფილი პროექტის შემუშავებაზე საუბრობს

პუბლიკა

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციის პროექტით განსაზღვრული ჩარევები შეუსაბამოა მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პრინციპებთან“, – ამის შესახებ განცხადებას „მემკვიდრეობის პლატფორმა“ ავრცელებს. განცხადებას ხელს 9 ორგანიზაცია აწერს.

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები მიელსამებიან ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ დაუშვებელია ძეგლზე სამუშაოს დაწყება სხვადასხვა ხარვეზის გამოსწორების გარეშე.

„ქალაქ ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახი“ წარმოადგენს იმერეთის მეფეთა XVII საუკუნის რეზიდენციიდან ერთადერთ შემორჩენილ  ნაგებობას. უნიკალური შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია. მისასალმებელია, რომ იგეგმება ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. თუმცა, რეკონსტრუქციის არსებული პროექტით განსაზღვრული ჩარევები შეუსაბამოა მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პრინციპებთან:

სახელოვნებათმცოდნეო კვლევა არ არის სიღრმისეული, პროექტის კონსტრუქციული და რესტავრაციის ნაწილები არ ესადაგება ერთამენთს, იგეგმება რკინა-ბეტონის და ლითონის სვეტების გამოყენება ხის შესაფუთად და თაღოვანი კონსტრუქციების  შემინვა ალუმინის ფანჯრებით, არ ჩატარებულა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და არ არის შემუშავებული „ოქროს ჩარდახის“ შენობის სამომავლო დანიშნულება. დაუშვებელია ძეგლზე სამუშაოს დაწყება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გარეშე.

მივმართავთ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, ქუთაისის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, „ოქროს ჩარდახის“ პირვანდელი ისტორიული სახის შესანარჩუნებლად და მისი უნიკალური კულტურული მნიშვნელობის დასაცავად, იქნას მიღებული შესაბამისი ზომები:

შეწყდეს მიმდინარე სამუშოები ძეგლზე და შესაბამისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შემუშავების შემდეგ მოხდეს ძეგლის რესტავრაცია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.