შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების II ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სურთ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს არჩევანი.

„ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯარო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი, მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

მისი თქმით, პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.