„შშმ და სსსმ მოსწავლეები დგანან გაზრდილი საფრთხის წინაშე“ | PHR სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა – PHR მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ეფექტური გეგმა და უზრუნველყოს მისი აღსრულება, რათა შშმ და სსსმ ბავშვებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და განათლების უფლება დაცული იყოს 15 თებერვალს სკოლებში დაბრუნებისას.

„2021 წლის 15 თებერვალს, ყველა ბავშვის და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დაბრუნება სკოლაში, განათლების სამინისტროს ადეკვატური რეკომენდაციებისა და პროტოკოლის გარეშე, საფრთხეს უქმნის ყველა ბავშვს, განსაკუთრებით შშმ და სსსმ ბავშვებს.

სწორედ ამიტომ, PHR-მა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით შშმ და სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით  სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით მიმართა. შშმ და სსსმ მოსწავლეები დგანან გაზრდილი საფრთხის წინაშე დაირღვეს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების და უსაფრთხოების უფლება 2021 წლის 15 თებერვალს სკოლებში არაორგანიზებული და საფრთხის შემცველი დაბრუნების გამო“, – აცხადებს PHR

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განათლების სამინისტროს უმოქმედობა შეუძლებელია შეივსოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით“. ორგანიზაცი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სკოლების არსებული ვითარება არ იძლევა მათი მხრიდან პანდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას განსხვავებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო.

PHR მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს განათლების სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ყველა ბავშვის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს მათი სკოლებში დაბრუნებისას.

ორგანიზაციის ცნობით, დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნა PHR-მა სასამართლოში შეიტანა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ და სსსმ ბავშვთა დამცველი ორგანიზაცია.

„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც პრაქტიკაში მოხდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით სასამართლოსთვის მიმართვის საკანონმდებლო სიხალის გამოყენება. აღნიშნული ცვლილება 2021 წლის იანვარიდან შევიდა ძალაში შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების შესახებ კანონით“, – აცხადებს PHR.