შსს ირწმუნება, რომ აქციაზე დაკავებულ პირებს აქვთ წვდომა ადვოკატებთან

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეუზღუდავად აქვთ წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან.

უწყების ინფორმაციით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

შსს-ს ცნობით, დროებით მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.

ამასთან, უწყების ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

შსს-ის ინფორმაციით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულის ადგილსამყოფელი ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, დაკავებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული.

შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.