შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და ამ ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა პირს, რომელიც უკვე პატიმარია.

კერძოდ:

შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს. 

ნ.ა ბავშვის დედაა.

შსს-ის ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვნით ვაჭრობის სქემა, რომლითაც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.