შსს-ს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება - EMC

პუბლიკა

EMC განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიიღონ ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და არსებული პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადაყვანის მიზნით.

„რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს მაშინ, როცა შეკრების ადგილზე შეკრების მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი და მათი დიდი ნაწილი არსებითად მშვიდობიან ქცევას ინარჩუნებდა. წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.

პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში. საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად, ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი ან წყლის ჭავლი, რომლებიც ზიანის მიყენების მაღალ საფრთხეებს წარმოშობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის შეკავება.” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, როგორც მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, კანონით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული წინაპირობები შეკრების შემთხვევაში არ არსებობდა.

„შესაბამისად, ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს.” – ნათქვამია განცხადებაში.