„სინდისის პატიმრები”, „ცრუ მოწმე პოლიციელები”, „ოლიგარქი” - რას ედავება ComCom „TV პირველს"

პუბლიკა

„სინდისის პატიმრები”, „ცრუ მოწმე პოლიციელები”, „ოლიგარქი”, „პოლიტპატიმრები” – ამ სიტყვების გამოყენების გამო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი „TV პირველს” „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება.

მათი თქმით, მონიტორინგს დაექვემდებარა 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად და დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ დაირღვა შემდეგი მუხლი:

 „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.

დეპარტამენტმა ამ საკითხზე მოხსენებითი ბარათი შეადგინა და კომუნიკაციების კომისიას განსახილველად წარუდგინა. კომისიამ ეს საკითხი დღეს, 18 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

გთავაზობთ ფრაზებს, რომელიც დეპარტამენტმა კანობის დარღვევად მიიჩნია:

 „ამ წუთებში სინდისის პატიმრები გლდანის ციხიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. დღეს რვა ადამიანის პროცესია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაჭერილებიდან ნაწილი დღეს მოსამართლეს სიტყვით მიმართავს. ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები წელიწადი და ხუთი თვეა სასჯელს იხდიან. არცერთი ოცნების გამოძიების წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს”.

„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ეს დოკუმენტი ყველაზე მძიმე ივანიშვილისთვისაა ოლიგარქი და მისი ოჯახი ქონებას პარიზში ფლობს პირველებში რვაზე მოგიყვებით რას მოითხოვს დოკუმენტი რომელიც ივანიშვილზე პუტინის რეჟიმის გავლენებზე ღიად საუბრობს“.

„დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. ის უკვე მეორედ საკუთარ იუბილეს გისოსებს მიღმა ხვდება. პატიმარ ჟურნალისტს მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა 51-ე დაბადების დღე მიულოცეს. იბრძოლეს, სანამ გვიანი არ არის ამ შინაარსის, ბანერი იყო რუსთავის ციხესთან შემაღლებულ ადგილზე გაშლილი. მოქალაქეები ცდილობდნენ შეძახილებით მიეწვდინათ ხმა ჟურნალისტისთვის, რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“.

მოხსენებით ბარათში დეპარტამენტს ჯამში 7 ციტატა აქვს მოყვანილი. ისინი წერენ, რომ ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე:

„კერძოდ შემდეგი ფრაზები/წინადადებები:

„სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ –

არის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას”, – ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში.