რა წერია სინოდის განჩინებაში დავით გარეჯის საკითხზე

პუბლიკა

გუშინდელ სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. საპატრიარქოს ინფორმაციით, მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო – წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.

დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია;

კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.

ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით“, – აღნიშნულია განჩინებაში.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში იყვნენ, 28 იანვარს აღკვეთის ღინისძიება შეეცალათ და  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

პროკურატურა მელაშვილსა და ილიჩოვას საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებში დებს ბრალს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს  1937 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილის თქმით, საქართველო აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდა 1938 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შეთანხმებისას ხელმოწერილი, 1:500 000 მასშტაბის რუკით.

სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა, რადგან მას ჰქონდა ცდომილებები და ამ ცდომილებების გამო არსებითი აცდენა ჰქონდა 1938 წლის რუკასთან.

ამასთან ეს ცდომილებები მეორდება თანამედროვე ბევრად უფრო ზუსტ რუკებთან ისეთი პუნქტების შედარებით, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, იქნება ეს – მწვერვალი, ხიდი, რკინიგზა თუ სხვა.

ასევე, მათი თქმით, ეს რუკა შედგენილი იყო მიუფლინგის პროექტით და ცდომილებების წყარო შეიძლება იყოს თავად ეს პროექტიც, რადგან მიჩნეულია, რომ ამ მიუფლინგის სისტემით შედგენილ რუკებს აქვთ სწორედ მსგავსი ცდომილებები.