„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ | ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა

პუბლიკა

7 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საგანგებო გამოყენების ნებართვა მისცა „სინოფარმის“ ვაქცინას, რომელსაც პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს. კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ კი საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში 1 ივნისიდან შეიტანეს. ორივე ვაქცინა საქართველოში ჯანმოს ავტორიზაციამდე შემოვიდა, თუმცა მალევე ორივე მათგანმა მიიღო ნებართვა საგანგებო გამოყენებისთვის.

მიუხედავად დადებითი მოლოდინისა, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ არიან აცრილები, მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებში თავისუფლად შესვლის უფლება არ აქვთ. 

შენგენის ვიზის საინფორმაციო პორტალის თანახმად, მოგზაურები, რომლებიც იცრებიან რუსული, ჩინური და ინდური ვაქცინებით, კვლავ ვერ შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შესვლას. „ევროპის წამლების სააგენტოს“ (EMA), რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო პროდუქტების შეფასებასა და მეთვალყურეობაზე, ამ დროისთვის, მწვანე შუქი ანთებული აქვს კორონავირუსის მხოლოდ ოთხი ვაქცინისთვის, რომელთა შორისაა: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ & ჯონსონი“.

თუმცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მთავრობებს აქვთ უფლება, ინდივიდუალურად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა იმ ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების მიღება, რომლებიც ჯერ არ დაუშვია „ევროპის წამლების სააგენტოს“ (EMA).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებულია, თუ რომელი ქვეყანა რა პირობით უშვებს საქართველოს მოქალაქეს თავის ტერიტორიაზე. სიის თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შესვლა შეუძლია 7 ქვეყნის ტერიტორიაზე – ესპანეთში, ესტონეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში (მხოლოდ „სინოფარმით“), კვიპროსსა (მხოლოდ „სინოფარმით“) და სლოვენიაში.

დანარჩენი ქვეყნები ან საერთოდ ზღუდავენ საქართველოს მოქალაქის შესვლას ქვეყანაში, ან მხოლოდ იმ მოქალაქეებს უშვებენ, რომლებიც „ევროპის წამლების სააგენტოს“ (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინებით არიან აცრილები, როგორებიცაა: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ & ჯონსონი“. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც მკაცრად არის შეზღუდული საქართველოს მოქალაქეების შესვლა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

ევროკავშირის ქვეყნები და საქართველო:

🇪🇸 ესპანეთში დაშვებულია ვაქცინირებულების შესვლა. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება. საუბარია, როგორც „ფაიზერით“, „მოდერნათი“, „ასტრაზენეკათი“ და „ჯონსონ & ჯონსონით“, ასევე „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებზე.

კიდევ ერთი ქვეყანა 🇪🇪 ესტონეთია, სადაც შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინირების პირობითაა დაშვებული. ესტონეთში გასამგზავრებლად დაშვებულია როგორც „ევროპის წამლების სააგენტოს“ (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინით აცრა, ასევე, „სინოფარმით“,„სინოვაკით“, „სპუტნიკითა“ და ყველა იმ ვაქცინით, რომელიც აკრედიტებულია გამომგზავრების ქვეყანაში.

1 ივლისიდან მსუბუქდება 🇦🇹 ავსტრიაში შესვლის წესები. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებისათვის ტურისტული მიზნით შესვლა შეზღუდულია 2021 წლის 30 ივნისამდე. ქვეყანაში ძალაშია ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესი. შესაბამისად, ყველა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს აქტუალური PCR-ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში ექიმის მიერ გაცემული ცნობა ან ვაქცინაციის (როგორც „ფაიზერით“, „მოდერნათი“, „ასტრაზენეკათი“ და „ჯონსონ & ჯონსონით“, ასევე „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“) დამადასტურებელი დოკუმენტი.

🇧🇬 ბულგარეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინაციის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ & ჯონსონი“. ასევე – „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „სპუტნიკიც“). საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

რაც შეეხება 🇭🇷 ხორვატიას, 16 ივნისის მდგომარეობით, საზღვარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის – ვაქცინაციის, თვითიზოლაციის ან PCR-ტესტის პირობით. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინაციის სრული კურსი, შეუძლია, გაემგზავროს ხორვატიის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით. ხორვატიაში შესასვლელად დაშვებული ვაქცინებია: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ & ჯონსონი“ და „სინოფარმი“. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების ჩამონათვალში არ არის „სინოვაკის“ ვაქცინა.

კიდევ ერთ ქვეყანაში, 🇨🇾 კვიპროსში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება დაშვებულია ნებისმიერი მიზნით. 10 მაისიდან, თუ საქართველოს მოქალაქეს აცრის სრული კურსი ჩატარებული ექნება „ფაიზერით“, „მოდერნათი“, „ასტრაზენეკათი“, „ჯონსონ & ჯონსონით“, „სპუტნიკით“ ან „სინოფარმით“, კვიპროსში შესასვლელად აღარ დაჭირდება PCR-ტესტის წარდგენა, თუმცა შერჩევითობის საფუძველზე, შესაძლებელია, ლარნაკას აეროპორტში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდეს Covid-ტესტი. „სინოვაკის“ ვაქცინა არ გვხვდება არც ამ შემთხვევაში.

რაც შეეხება 🇸🇮 სლოვენიას, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება დაშვებულია ტესტის, ან ვაქცინის, ან თვითიზოლაციის პირობით. ე.წ. „მუქ წითელ“ ან „წითელ“ სიაში შემავალი ქვეყნის მოქალაქეები (საქართველო „მუქ წითელ“ სიაშია) ექვემდებარებიან 10-დღიან კარანტინს (თვითიზოლაციას). კარანტინის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვრის კვეთისას წარადგენენ „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ & ჯონსონის“, „სპუტნიკის“, „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ ვაქცინაციის სერტიფიკატს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, მინიმუმ 14-14 დღე უნდა იყოს გასული „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მეორე დოზით აცრიდან.

სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად დაწესებული შეზღუდვებისა და სხვა დეტალებისთვის გადადით ბმულზე. გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება.