სისტემურ დანაშაულს არ აღიარებენ და ცდილობენ ჯოხი დაბალჩინოსნებზე გადატეხონ - „სირცხვილია“ 20 ივნისის საქმის მასალებზე

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ ეხმაურება ომბუდსმენის გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს 20-21 ივნისის გამოძიებაზე, რომელშიც საუბარია მინისტრისა და შსს-ს მაღალჩინოსნების ჩვენებაზე, რომ რეზინის ტყვიები მეთოფეებმა საკუთარი ინიციატივით ისროლეს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნა ცხადყოფს, რომ თებერვლის მდგომარეობით, გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს. მათ შორის, არ ინტერესდება „გავრილოვის ღამის“ სისტემური სამართლებრივი ანალიზით და მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცველების დანაშაულებს იკვლევს, არ არის კრიტიკული მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვისას და არ ცდილობს მოიპოვოს საშუალო რგოლის თანამდებობის პირების რაციის ჩანაწერები.

ასევე, გამოძიების ხარვეზებს ცხადყოფს ისიც, რომ არ ითხოვენ არც ვიდეოჩანაწერებს, არ ნიშნავენ ექსპერტიზას შს სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩანაწერებსა და არ ითხოვენ არც უშუალოდ მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას. არ ცდილობენ ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი პირების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის დადგენასაც.

„საკითხისადმი მიზანმიმართულად ზერელე დამოკიდებულება და დანაშაულის დაფარვის მცდელობები მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების სურვილია, ჯოხი დაბალჩინოსნებზე გადატეხონ და სისტემური დანაშაულის არსებობა არ აღიარონ“, – წერს „სირცხვილია“.

სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, ანგარიშიდან ირკვევა, რომ რაციების ჩანაწერების მიხედვით, შს მინისტრი, მისი მოადგილეები და სხვა დაქვემდებარებული პირები ეწინააღმდეგებოდნენ აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კი ხან იგნორირებას უკეთებდა ბრძანებას, არ ესროლათ, ხანაც ატყუებდა მათ, რომ რეზინის ტყვიებს არ ისვრიან.

„გამოდის, გამოძიება ან მალავს რეზინის ტყვიების სროლის საბედისწერო ბრძანების შემცველ ჩანაწერებს, ან პირდაპირ გვეუბნება, რომ 20 ივნისს საკუთარ მოქალაქეებზე მთელი ღამის განმავლობაში ბრძანების გარეშე ნადირობდნენ, მეთაურები კი გულგრილად ადევნებდნენ ამას თვალს, როდესაც მკაფიო ბრძანება ჰქონდათ ხელმძღვანელობისგან რეზინის ტყვიების არგამოყენებაზე.

თუკი გამოძიება არაფერს მალავს:

1. რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე, გიორგი ყაყიჩაშვილზე?

2. თუ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ ყოფილა და მეთოფეებმა თავად გადაწყვიტეს ეს, შემდეგ კი ეშხში შევიდნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს, ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ, შს სამინისტრო რატომ მოეკიდა გაგებით უაზრო სისხლისღვრის მიმართ გამოვლენილ ენთუზიაზმს?

3. თუ სამინისტრო ეცადა სისხლისღვრის შეჩერებას, მაგრამ მინისტრის და მისი მოადგილეების ბრძანებებს აიგნორებდნენ, რატომ არ დადგა არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?

4. თუ მეთოფეები პარლამენტში მყოფ შს მინისტრზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი პირისგან წამოსულ ბრძანებას ასრულებდნენ, ვინ იყო ეს ადამიანი?

ყველა ეს კითხვა რიტორიკულია. ძნელად მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელმაც არ იცის, ვისი ერთპიროვნული ნებით იმართება ქვეყანა და ვის ნებას ემსახურება მისი ყველა ინსტიტუტი. ჩვენ თავიდანვე უნდობლობა გამოვუცხადეთ უწყებას, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებდა გამოძიებას. ყოველ ჯერზე, როდესაც სისტემური დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაიცვა დამნაშავეები, არამედ ახალ თანამდებობებზე აამაღლა ისინი, უკან წაიღო მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირებები და პოლიტიკური პატიმრებით უპასუხა საზოგადოებრივ უკმაყოფილებას“, – წერს „სირცხვილია“.

სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად მოქალაქეებმა თავიანთი უფლებების დაცვაც უნდა გააგრძელონ, რადგან მათი მტკიცებით, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილმა ხელისუფლებამ შესაძლოა შექმნილი კრიზისით ისარგებლოს.

მით უმეტეს, როგორც „სირცხვილია“ წერს, ხელისუფლების მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯით იკვეთება, რომ მმართველი გუნდი  ბოროტად სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით, კრიტიკაზე მორატორიუმითა და მომატებული ავტორიტარიზმის მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის დაქვეითებით.

„ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფის მზარდი რისკის წინაშე მდგარმა, გამოძებნა დრო და რესურსი, ერთი მხრივ ტროლების, ბოტებისა და დეზინფორმაციული გვერდების გამოყენებით ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის დისკრედიტაციაზე ეზრუნა და მეორე მხრივ, არაფორმალური მმართველობის მსახურთა დანაშაული ეფექტიან მართვად მოენათლა.

ხელისუფლებამ დრო იხელთა იმისთვისაც, რასაც სხვა პირობებში საზოგადოებისგან დიდი წნეხი და პროტესტი მოჰყვებოდა. მაგალითად: გუშინ, 3 აპრილს უზენაესი საბჭოს პლენუმი შეიკრიბა, რომელმაც სრულიად გაუმჭვირვალე გარემოსა და საეჭვო ვითარებაში, უსაფრთხოების საყოველთაო წესების დარღვევით აარჩია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე“, – ნათქვამია „სირცხვილიას განცხადებაში.

მოგესალმებით საყოველთაო ფაქტობრივი კარანტინიდან! 😷პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ! თვითიზოლაციაში ყოფნამ და…

Posted by სირცხვილია • Shame Movement on შაბათი, 04 აპრილი, 2020