სოხუმში აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, ბელარუსი მაგალითს რუსეთისგან აიღებს და აფხაზეთს აღიარებს

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტის კომენტარს, რომ თუ აუცილებლობა იქნება და პუტინი მოითხოვს, ისინი აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, ისინი პოზიტიურად აფასებენ ბელარუსის მიერ აღიარების შესაძლებლობას. სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზეთი ღიაა აღიარების შესახებ დიალოგისთვის რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ აფხაზი ხალხის მისწრაფებებს.

ბელარუსთან კი, როგორც რუსეთის ახლო მოკავშირესთან, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება მათი ინტერესის საგანია.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის რესპუბლიკა, რომელიც იზიარებს ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, მათ შორის ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს, მხარს დაუჭერს აფხაზეთის ხალხის მიერ არჩეულ კურსს, რომელიც მიმართულია თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და მაგალითს თავისი სტრატეგიული მოკავშირისგან, რუსეთის ფედერაციისგან აიღებს“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ლუკაშენკას თქმით, ამის აუცილებლობა არ ჩანს, მაგრამ თუ პუტინი სთხოვს, შესაძლებელია:

– არსებობს ამის აუცილებლობა?

– ყოველთვის არსებობს.

-როდესაც მე მივხვდები და პრეზიდენტიც მეტყვის, რომ არსებობს ამის აუცილებლობა…“ – ასე უპასუხა ლუკაშენკამ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის შეკითხვას.