სპაიკ ლი თბილისის მოვლენებზე: მსოფლიოს განგსტერები მართავენ, მათ მორალი არ გააჩნიათ

პუბლიკა

გამოცემა The Playlist-ის ცნობით, კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს ქართველმა ჟურნალისტმა ფესტივალის ჟიურის წევრებისა და მსოფლიოს ყურადღება საქართველოში ლგბტქი ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე მიაპყრო და 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას ჟიურის პრეზიდენტმა და ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სპაიკ ლიმ უპასუხა:

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, მხოლოდ მე არ ვიყავი ისეთი, ვისაც საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მსოფლიოს განგსტერები მართავენ – Agent orange [ტრამპის მეტსახელი], ის ტიპი ბრაზილიაში და პუტინი. განგსტერები არიან და იმას გააკეთებენ, რასაც მოისურვებენ. მათ არ გააჩნიათ არც მორალი, არც სინდისი – აი, ასეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ. და ჩვენ ასეთი განგსტერების წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ. მადლობა, არ ვიცოდი ამის შესახებ და მადლობა, რომ ამას მსოფლიოს პრესის წინაშე გვიზიარებ. ახლა კი აქ მყოფ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, რომ ეს ამბავი გავრცელდეს. თქვენ ეს მოისმინეთ. მოიკვლიეთ. შეგიძლიათ დაწეროთ ამაზე. მხოლოდ ფილმებზე კი არ წეროთ კრიტიკა, არამედ მსოფლიოს განგსტერებიც გააკრიტიკეთ“, – განაცხადა სპაიკ ლიმ.

ამავე საკითხზე ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთმა ჟიურის წევრმა – მსახიობმა მეგი ჯილენჰოლმა:

„მზად არ ვარ, რომ თქვენი კითხვის საპასუხოდ რჩევები გავცე ქართველი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის, თუმცა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შეკითხვისთვის. გამიხარდება, თუ რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ და უფრო მეტს გავიგებ ამ ამბების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ კინო თავისი არსით ხშირად პოლიტიკური იყო. არა არაპოლიტკორექტული გაგებით, არამედ ემოციური თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, შეკითხვის ავტორი გამოცემა Movement-ის ჟურნალისტი ანანო ბაკურაძეა.

LB loan image desktop LB loan image mobile