სპექტაკლს, რომელიც მიმდინარეობს, კავშირი არ აქვს სოლიდარობასთან - ხვიჩია უკრაინის რეზოლუციაზე

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესი სპექტაკლია და სოლიდარობასთან კავშირი არ აქვს.

„ვფიქრობთ, სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ. სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, ვინ უფრო მამაცია და ვინ უფრო გულმხურვალედ უცხადებს სოლიდარობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გუშინ, 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „გირჩი“ უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილ რეზოლუციას არ შეუერთდება. პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, პროცესმა სერიოზულობა დაკარგა და „შიდა ადამიანური ურთიერთობებისთვის შედეგის მომტანი არაა ასეთი გაერთიანება“.

მისი პოზიციით, თუ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმება მართლა სურდათ, შანსი ხელიდან გაუშვეს – პროცესი ძალით ჩაშალეს. ხვიჩიას მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „სპეციალურად მოიფიქრა ისეთი რამე, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო“ და შეცვალა რეზოლუციის ტექსტში ტერმინოლოგია.

„როცა სიტუაცია ნორმალური ქმედებისკენ მიდის, მაშინ ერთი ან მეორე იქცევა ისე, რომ ჩავარდეს და ჩხუბის რეჟიმი ჩაირთოს. მოცემული მომენტი ვეცადეთ, გამოგვეყენებინა პოლიტიკური ქულების დასაწერად, ვის უფრო მეტად უყვარს უკრაინელი ხალხი და ვის ეშინია რუსეთის ხსენების, ვის არ ეშინია და ჩვენ [„გირჩი“] მივხვდით, რომ ძალიან არასერიოზულ პროცესში აღმოვჩნდით და გადავწყვიტეთ, ცალკე დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ხვიჩიამ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში.