სპორტის სასახლის მიმდებარედ ურბანული გენოციდია. ბარაკების ადგილას სკვერს გავაკეთებთ – კალაძე

პუბლიკა

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მე მგონი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი; ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს“, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება.

„მე შთაბეჭდილება მრჩება იმისა, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე.  არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ გზები როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად, რომ შეხვიდე, შეიძლება, ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტზე, რომელსაც მერია ახორციელებს.

„ტყვარჩელის ქუჩის N5-ში მდებარეობდა ბარაკები. მოთხოვნა იყო, რომ ამ ბარაკების მაგივრად აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსები, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის იქნებოდა დამატებითი პრობლემა. ჩვენ მოველაპარაკეთ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და, დაახლოებით, 1500 კვ.მეტრი, კონკრეტული სივრცე, სადაც ბარაკები იყო, მოაქვს მუნიციპალიტეტს. ვიწყებთ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება პატარა სკვერი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არათუ სკვერი ან პარკი, ტროტუარიც არ არსებობს. „არის მხოლოდ და მხოლოდ გზები, აბლანდული-დაბლანდული“, – თქვა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.