სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება - იან კელი საქართველოზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

ის მიიჩნევს, რომ სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის შედეგები მძიმე იქნება. მისი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

„მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება – ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ.

საქართველო გზაჯვარედინზეა. ქვეყანას შეუძლია ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს ისეთი არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო. დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება“, – ამბობს იან კელი.


გუშინ, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

გუშინვე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.