სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხებათ

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 23 ივნისს, გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელსაც ჰქვია „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება.

ქართველ მეომრებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

ECHR-მა დაადგინა, რომ  რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან ბატონი უშანგი სოფრომაძე, ბატონი კახაბერ ხუბულური და ბატონი გიორგი ანწუხელიძე პატიმრობაში ყოფნის დროს დაიღუპნენ.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური, გიორგი ანწუხელიძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი აწამეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის შესახებ და მიუთითა, რომ აქტიური საომარი მოქმედებებით გამოწვეული ქაოსის მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, სამართლებრივად პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

„საია“ აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2008 წლის ომსა და  სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის პასუხისმგებლობის.

სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს, ანუ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის:

  • 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს;
  • 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს;
  • 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს;
  • 40 000 ევრო თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიუთითებს, რომ თუ მოპასუხე სახელმწიფო თანხას არ გადაიხდის სამთვიან ვადაში, მას დაერიცხება პროცენტი.