მედია: Procter & Gamble-მა ტელეკომპანია „იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა

პუბლიკა

გამოცემა City AM აქვეყნებს ინფორმაციას, რომ Procter & Gamble-მა ტელეკომპანია „იმედთან” თანამშრომლობა შეწყვიტა. 

გამოცემის ცნობით, კომპანია, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „ჯილეტი” და „პამპერსი”, აგრძელებდა რეკლამის განთავსებას ტელეკომპანია „იმედში”, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში მოხვდა. გამოცემის ინფორმაციით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შემდეგ კომპანიამ ორშაბათს საქმიანობრივი ურთიერთობა მედია კომპანიასთან შეწყვიტა.

ამავე გამოცემამ გუშინ, 22 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსგავსი გამოძიება დაიწყო Nestle-მაც, რომელსაც ხელმძღვანელობს კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიან გილი. სხვა გლობალურმა ბრენდებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, შეწყვიტეს ურთიერთობა მაშინვე, როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „იმედი” სანქცირებულ კომპანიად დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახხელისუფლებო „იმედი” უკვე დასანქცირებული იყო, Nestlé-მ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაგრძო ისეთი ბრენდების რეკლამირება, როგორიცაა Nescafé, Nescafé Gold და Nesquik. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით დაიწყო შიდა გამოძიება კომპანია „ნესტლემ”.