„სტრატეგია აღმაშენებლის“ 5 წინასაარჩევნო დაპირება და გიორგი ვაშაძე პრემიერად | პლატფორმამ წინასაარჩევნო კამპანია გახსნა

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარადგინეს.

სიტყვით გამოსვლისას, ვაშაძემ „ოცნების“ ის დაპირებები გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, არ შესრულდა, მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა და სწრაფი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირება წარმოადგინა, რომლის განხორციელებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებენ:

  1. 4 წელიწადში შეიქმნება სამასი ათასამდე სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით: 95.000 სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 30.000 სამუშაო ადგილი სამ IT ქალაქში; 90.000 სამუშაო ადგილი საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით; 21.000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში; 15.000 დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში; 40.000 აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში.
  2. 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლია.
  3. ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოეწერება. მათი დაპირებით, „ლიბერთი“ აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოცდახმარების გაცემაში.
  4. 2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30%-ით, აღარ იქნება არც ერთი მონოპოლისტური, ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია.
  5. 2021 წლის 1 იანვრიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
    ვაშაძის მთავარი დაპირება კი ოპოზიციური შეთანხმების შესრულება და სამართლიანი და თავისუფალი სასამართლოს შესაქმნელად კანონის ცვლილებაა, გუნდი ასევე გეგმავს პოლიციისა და პროკურატურის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებას.

„ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ. ორი წლის განმავლობაში ვუყურებდი ახალგაზრდა ადამიანს. რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ პროექტიო, მითხრა. გამარჯობათ, გიორგი, პროექტი, ქალბატონო თაკო. მივხვდი, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულია, რომ რაღაც გააკეთოს“, – ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი.