სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით – ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სტუდენტებთან შეხვედრა „რთულად მოსასმენი“ იყო, რადგან ისინი ძალიან მძიმე სოციალურ პრობლემებზე, მათ შორის, ათასობით სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე საუბრობდნენ.

„მიუხედავად ყველაფრისა, არის ათასობით სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოვიდეს თბილისში, იქირაოს ბინა და დაესწროს ლექციებს, გამოცდებს და ამიტომ, მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს და ასეთი ათასობით სტუდენტია, ვინც ვერ ახერხებს ჩამოსვლას, ბინის ქირაობას, საცხოვრებელი ფართის პოვნას და სწავლის უფლების რეალიზაციას. ამიტომ ეს არის ძალიან მძიმე საკითხები და მე  ვთხოვ, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს, ეს საკითხები გულთან მიიტანოს და სერიოზულად მოეკიდოს მათ გადაჭრას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, დაიწყოს გულწრფელი საუბრები ამ ბავშვებთან, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ ცინიკური დამოკიდებულება იყო, რაც არის მათთვის გულსატკენი. ვფიქრობ, სტუდენტებთან ურთიერთობის ასეთი ფორმა არ არის გამართლებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თსუ-ის სტუდენტურ საცხოვრებელზე და აღნიშნა, რომ ბაგებში არსებული საცხოვრებლის მდგომარეობა ღირსების შემლახავია.

„მთავარი მოთხოვნა და პრობლემა, რომელიც სტუდენტებმა გააჟღერეს, ეს არის სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა. დღესდღეობით არსებობს ორი საცხოვრებელი – ერთი ბაგებში, მეორე ლისზე. როგორც მითხრეს, ლისზე უკეთესი საცხოვრებელია, თუმცა იქ უკვე აღარ არის ადგილები, დაახლოებით 7 ვაკანტური ადგილია. რაც შეეხება ბაგებში არსებულ საცხოვრებელს, იქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა. იქ არ შეიძლება, არც სტუდენტი და არც ზოგადად ვინმე ცხოვრობდეს იმ პირობებში, ეს წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში სტუდენტებს სთავაზობდნენ მსგავს ფართს საცხოვრებლად“, – განაცხადა ომბუდსმენმა.


2-თვიანი პროტესტის შემდეგ სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის” წევრები 10 ივნისს თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს. მათი მოთხოვნებია:

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა;
2. ფინანსური გამჭვირვალობა;
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება;
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება.