სტუდენტთა ნაწილი რექტორის კაბინეტთან აქციას მართავს და შეხვედრას მოითხოვს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის კაბინეტთან საპროტესტო აქციას მართავს და გიორგი შარვაშიძესთან საჯარო შეხვედრასა მოითხოვს. ამბობენ, რომ აქვთ შეკითხვები და პასუხებს რექტორისგან მოითხოვენ. ისინი პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებენ აუდიტორიაში დასწრებაზე.

მათივე თქმით, თუ რექტორი არ დათანხმდება სტუდენტებთან შეხვედრას, აქციები გაგრძელდება.

რექტორის კაბინეტის კართან უნივერსიტეტის დაცვა დგას. სტუდენტები ძირს სხედან და ელოდებიან გიორგი შარვაშიძეს.

განახლება: სტუდენტების თქმით, რექტორს ორ დღეს აძლევენ იმისთვის, რომ პრობლემებზე სასაუბროდ საჯაროდ შეხვდეს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას ისევ გამართავენ.

2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადადის.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.

LB loan image desktop LB loan image mobile