სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით თსუ-სთან მორიგი აქცია გაიმართა

პუბლიკა

სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია გაიმართა. სტუდენტები აუდიტორულ და დისტანციურ სწავლებას შორის არჩევანის შესაძლებლობას არსებობას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყების შემთხვევაში, განათლების პროცესის მიღმა დარჩება ათასობით სტუდენტი – ისინი, ვინც ვერ ახერხებს ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავებას და ისინიც, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, ხელშეკრულების მოულოდნელად გაწყვეტის გამო.

სტუდენტები მოითხოვენ:

  • „ჰიბრიდულ რეჟიმს – არჩევანს აუდიტორულ და დისტანციურ სწავლებას შორის!
  • გასაჯაროვდეს ხარჯები და დოკუმენტურად დასაბუთდეს, რატომ არ აქვს უნივერსიტეტს ჰიბრიდული სწავლების რესურსი!
  • დადგეს დღის წესრიგში საბინაო პოლიტიკის საკითხი!
  • პასუხი აგოს რექტორმა სტუდენტების დაცინვისთვის და ღირსებისშემლახავი განცხადებებისთვის”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტიდან ჰიბრიდული ფორმატით განახლდა. თუმცა, სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

უნივერსიტეტიდან „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში საერთო საცხოვრებელთან, სასწავლო პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტებს  შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ასევე  ფაკულტეტების წარმომადგენლები. რექტორთან გამართულ ბოლო შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, მათივე თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველაზე მწვავედ გამოიყო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების საკითხი, რადგან ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისა და ლტოლვილების გამო გაზრდილი ბინის ქირა მათთვის ხელმისაწვდომი არაა.

„შეხვედრაზე თსუ კანცლერმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი თსუ საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 65 თავისუფალი ადგილია ამ ეტაპზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ლისის საერთო საცხოვრებელში კიდევ ერთი კორპუსის აღჭურვაზე, რაც დამატებით 85-მდე სტუდენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს რომ 150-მდე სტუდენტის საცხოვრებლის საკითხი დადებითად გადაწყდება”, – აცხადებდა თსუ.

LB loan image desktop LB loan image mobile