თამარ ჟვანიას ვურჩევდი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად გამოაცხადა – წულუკიანი

პუბლიკა

„ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა“, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანის თქმით, ხარვეზები იყო, თუმცა „არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია“.

„საუბნო დონეზე ხარვეზები იყო და ხაბეიშვილს არ შერცხვა და სოზარ სუბარის 200 ხმა ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ ყველა ხარვეზი, რაც იყო, აღმოიფხვრა და ხარვეზმა აჩვენა, რომ არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია. თამარ ჟვანია მაინც კრიმინალად იყო გამოცხადებული და მას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“. თქვენ მეკითხებით, ვერ დაწერა თუ განზრახ არ დაწერა? ამას სჭირდება, ან დროებითი საგამოძიებო კომისია, ან სისხლის სამართლებრივი პროცესი, მაგრამ ვიდრე ამ საკითხებს გადავწყვეტთ და მოთხოვნებს დავაყენებთ, ჯერ კიდევ ველოდებით, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი გაბედავს და არ მოგვმართავს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, რადგან, სამწუხაროდ, დღეს სიტყვა გაბედულება გახდა გადამწყვეტი ზოგიერთი მათგანისთვის.

როცა გვეცოდინება, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე გვეცოდინება, რა იქნება ჩვენი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული. ელენე ნიჟარაძე, მისი გუნდი დაბარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი შეცდომები თურმე შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში და შეიძლება, მისი სტაბილურობა დააყენო ეჭვქვეშ, რატომ გააკეთეს ეს – იყო ნებსით, თუ უნებლიეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.