„Taming the Garden“ - სალომე ჯაშის ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება

პუბლიკა

„მოთვინიერება” (Taming the Garden) სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგება 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის მეორე ჩვენება დაგეგმილია 2 თებერვალს.

„მოთვინიერება” წარმოდგენილია კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition).

„სალომე ჯაშის გარემოსდაცვითი ზღაპრის პირველ კადრში ვხედავთ ისეთ მაღალ ხეს, როგორიც 15-სართულიანი შენობაა. ხე შავ ზღვაში მცურავ ბარჟაზე დგას, მისი დანიშნულების ადგილი უამრავი მილის მოშორებით მდებარე კერძო ბაღია, რომელსაც მდიდარი და ანონიმი კაცი ფლობს, რომლის გატაცება უცხო ხეების საკუთარ ედემში გადარგვაა“, – ვკითხულობთ ფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფილმის აღწერაში.

Taming the Garden შვეიცარულ-გერმანული-ქართული კოპროდუქციაა.

კინოსურათის სინოფსისში ნათქვამია, რომ ეს არის ოდა, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეძღვნება. ძლევამოსილი ადამიანი ყიდულობს ასწლოვან ხეებს და თავის კერძო ბაღში გადააქვს. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. სინოფსისის მიხედვით, ფილმი წარმოაჩენს ქართველი სოციუმის საჭიროებებს, რეფლექსიაა მიგრაციის პრობლემებზე, სადაც „ამოძირკვა“ მეტაფორაზე მეტია.

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც ფესტივალი ცნობილი ამერიკელი მსახიობის – რობერტ რედფორდის კომპანიამ დააარსა. წლების განმავლობაში სანდენსის კინოფესტივალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ დამოუკიდებელ ფილმებს აცნობს. ასევე, სანდენსს უკავშირდება არაერთი გამორჩეული რეჟისორის, ოპერატორისა თუ კინოვარსკვლავის აღმოჩენა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეფესტივალი შერეული ფორმატით გაიმართება (როგორც ონლაინ, ასევე რეალური დასწრებით). სანდენსის კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვება უმასპინძლებს 72 სრულმატრაჟიანი ფილმის ჩვენებას 29 ქვეყნიდან.