თანასკოლელების მხრიდან მოზარდის შესაძლო იძულებაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან მოზარდზე შესაძლო იძულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

საქმის შესწავლა დაიწყო განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმაც.

„საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს“ – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან თვითდაზიანების “ინსტრუქციაა”.

კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს, როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს – ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია.

რისკის შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს – თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს – რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ.“ – წერია ცირამუა.