თავისუფლება ზაზა გახელაძეს - სოფელ ქვემო ჭალაში აქცია იმართება

პუბლიკა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდასაჭერ აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებით ხელში დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ.

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნულია სუს-ის  განცხადებაში, რომელიც 5 თებერვალს გაავრცელა უწყებამ.

გახელაძის საქმეზე განცხადებები გაავრცელეს საქართველოში აშშ-ს საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა.