თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება

პუბლიკა

თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ ფორმატში გაიმართება, – ამის შესახებ „პუბლიკას”ფესტივალის ორგანიზატორმა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ აცნობა.

მათი თქმით, ფესტივალის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება ყველა შესაძლო რისკის შეფასებისა და პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის გამართვა ExpoGeorgia-ს პავილიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რისკის შემცველი გახდა როგორც ფესტივალის მონაწილეების, ისე სტუმრებისთვის. 


ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის facebook-გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. 

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველს. წიგნები ონლაინ გამოიფინება და გაიყიდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.