თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ის აშენება იგეგმება

პუბლიკა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და პარტნიორი კომპანიები Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ.

არქიტექტურული კომპანია Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

პროექტი მაღალი კლასის საცხოვრებელ ბინებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ტრამპის ორგანიზაცია საქართველოში მშენებლობას „არქი“ ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით გეგმავს. კომპინების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ილია წულაია და სოსო ფხაკაძე, ასევე ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დონალდ ტრამპის შვილს, ერიკ ტრამპს შეხვდნენ.

ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის თქმით, ცათამბჯენი საქართველოში „გლობალურად ცნობილ სრულყოფილების სტანდარტს” დაამკვიდრებს.

„ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან”, – აცხადებს ერიკ ტრამპი.

საქართველოში Trump Tower-ის აშენება 2012 წელსაც იგეგმებოდა, მაშინ პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში დონალდ ტრამპიც იყო ჩამოსული, თუმცა მოგვიანებით, ამერიკულმა კომპანიამ პროექტი გააუქმა და გადაწყვეტილების მიზეზად ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება დაასახელა.