TDI და ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი პროკურატურას ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

პუბლიკა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობასა და მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას. ამის შესახებ განცხადებას TDI ავრცელებს.

„მთავარი არხის“ ეთერში 21 მარტს გავიდა ინტერვიუ ივანე გულაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დავალებით, სპეცსამსახურებისთვის ხსნიდა სხვის ბინებს, სადაც აყენებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს ადამიანების მაკომპრომეტირებელი მასალის მოპოვების მიზნით.

ივანე გულაშვილის თქმით, მან სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, ვაგიფ ასკეროვის, კომპიუტერში ვირუსი შეიყვანა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ის ხაზს უსვამს, რომ ეს დავალებები მასთან მხოლოდ ნიკოლოზ შარაძისგან მოდიოდა.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში ვაგიფ ასკეროვი იხსენებს, რომ მას სუს-ში უთხრეს, რომ უნდა გადამდგარიყო და დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მისი თქმით, მისი წამოსვლიდან რამდენიმე დღეში მეჩეთი გაქურდეს და მისი ლეპტოპი მოიპარეს.

TDI-ის ცნობით, 2012 წელს ხელისუფლებამ ვაგიფ აქპეროვზე ზეწოლა, ხოლო მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში უხეში ჩარევა დაიწყო.

2013 წლის 27 დეკემბერს იგი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში (ე.წ.მოდულის შენობა), სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე. მისგან მოითხოვდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან. ზეწოლის შემდეგ, აქპეროვი იძულებული გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კარნახით, ე.წ. მოდულის შენობაშივე დაეწერა განცხადება შეიხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

რელიგიური ლიდერის თქმით, აღნიშნული განცხადება 2014 წლის 9 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მმართველობითი ორგანოს, რელიგიური საბჭოს კრებაზე აღმოჩნდა და შეიხს საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა. ვაგიფ აქპეროვს უფლებამოსილება 2014 წლის 9 იანვარს შეუწყდა, რის შემდეგაც მას არაერთხელ დაუკავშირდნენ უცნობი პირები (მისი ვარაუდით, შსს-ის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები), რომლებიც სთავაზობდნენ შეხვედრას და დუმილის სანაცვლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურს სხვადასხვა დაწესებულებაში (მათ შორის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და გარდაბნის თბოელექტროსადგურში), რაზეც ყოფილმა შეიხმა უარი განაცხადა.

2016 წლის 27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის შემდეგ[2], საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიუხედავად ამისა, ხუთი წლის განმავლობაში, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით არ გატარებულა შესაბამისი ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

2020 წლის 4 დეკემბერს TDI-მ დამატებით მიმართა საქართველოს პროკურატურას წერილით[3], რომელშიც ვაგიფ აქპეროვი ასახელებდა იმ პირის ვინაობას, ვინც 2013 წელს მოდულის შენობაში მასზე ახორციელებდა ზეწოლას თანამდებობიდან გადადგომის იძულების მიზნით. აღნიშნული პირი ვაჟა მაზმიშვილია. პროკურატურას არც ამ შემთხვევაში უცნობებია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა აღნიშნულ პირთან მიმართებით.

ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება.

ტელეკომპანია მთავარში 2021 წლის 21 მარტს გასული ინტერვიუ და მასში გადმოცემული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2013 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეიხ ვაგიფ აქპეროვზე ნამდვილად განხორციელდა ზეწოლა და სასულიერო პირის თანამდებობის დატოვების იძულება“, – წერს TDI.

ორგანიზაციის შეფასებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის საქმე ხელისუფლების არასეკულარული და დისკრიმინაციული რელიგიური პოლიტიკის საგანგაშო მაგალითია.

„ხელისუფლების მიდგომა არა რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვა, არამედ არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებზე კონტროლის განხორციელებაა. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი 2014 წლიდან პრემიერის დაქვემდებარებაში  მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოა, რომელიც უხეშად ერევა ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი მუსლიმების ავტონომიაში“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.