თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებს პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა – სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ და აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მინისტრმა მუსიკოსებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაგეგმონ ტურნეები რეგიონებში, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის ხელმისაწვდომობას კულტურაზე, მეორე მხრივ კი, პანდემიის შედეგად ხელოვანებისათვის მიყენებული ზიანის შემცირებას მოემსახურება (რაც ასევე სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია)“, – ამბობენ სამინისტროში.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გასულ კვირას ბრიფინგზე იმ პრიორიტეტებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მიმდინარე წელს მისთვის გამოყოფილი იმ საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დააფინანსებს, რომლებიც გამოყოფილია „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. მინისტრის თქმით, სულ  12 პრიორიტეტია.