„თერგის ბაზრობასთან“ მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

პუბლიკა

ბავშვთა სამაყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.

მათი თქმით, მოქმედი შემზღუდველი რეგულაციების გამო,  საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„დილას მოვედი, დავჯექი და მითხრეს არ გაშალოო, მერიიდან გავაქს დავალებაო. ჩემი ხელებითაა გააკეთებული და ვყიდი ამას, ეს თუ არ გამაყიდინეს პური რითი ვჭამო ამ ახალ წელს, არ მინდა საარსებო წყარო? ამას ვითხოვთ ყველა, რომ ერთი ხუთი დღე ეს გაგვაყიდინონ მეტი არაფერი“,- უთხრა „ტვ პირველს“ მოვაჭრემ.

„დღეს დილით მოვედით, გავიგეთ რომ აკრძალული არის და არ შეიძლება, ზედამხედველობა გამოაგზანა მერიამ. 4-5 დღეა დარჩენილი ახალწლამდე, რახან ვერ ჩავეტევით ჩვენი პირობების გარკვევაში, მოგვცენ ვაჭრობის უფლება“,- ამბობს მოვაჭრე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახაწლოდ ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები იმ პირობით, რომ დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ცენტრების მუშაობა, თუ ისინი დაიცავენ წესებს.