თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც - თურნავა ნამახვანჰესის კომპანიაზე

პუბლიკა

„რაც შეეხება სხვადასხვა არასწორ და ცრუ ინფორმაციას, რაც ამ ბოლო დროს ვრცელდება პროექტის ირგვლივ. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც”, – ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „პირველ არხს” ნამახვანჰესთან დაკავშირებით ესაუბრა. მინისტრის კომენტარის წერილობითი ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას… რაც შეეხება თვითონ მიწის გადაცემის პირობებს, ინვესტორს გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც იქნება განთავსებული თვითონ ჰიდრონაგებობები, ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა.

გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს. ზოგმა კომპენსაცია მიიღო თავისი საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, ზოგმა კი მიიღო კომპენსაცია იმის გამო, რომ უბრალოდ ამუშავებდა მიწას, რომელიც მათ არც კი ეკუთვნოდათ. რომ არა ინვესტორი და „ნამახვანი“, მათ ამის პერსპექტივა საერთოდ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ნამახვანჰესზე“ ცრუ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ პოლიტიკური ან მერკანტილური მიზნით.

„პროექტს ეწინააღმდეგება სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის ჩვენი ტრადიციული ოპონენტები, ვინც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გარემოსდაცვითი ლოზუნგების ეგიდით, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ იმპორტს ლობირებენ, ვინაიდან ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – ან ჩვენი საკუთარი ჰიდროენერგია, ან გარედან შემოტანილი იმპორტი. ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს, საიდან შემოგვდის ელექტროენერგია. საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ენერგეტიკულად და თავისი ძლიერი სიტყვა თქვას მთლიანად რეგიონში, იყოს ექსპორტიორი და არა იმპორტიორი. არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინც პოლიტიკური ან მერკანტილური მოტივაციით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, ზოგიერთ ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ პროექტი ზიანის მომტანი იქნება. მისი თქმით, სამინისტრო გააგრძელებს ასეთ ადამიანებთან მუშაობას.

„საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია, მომზადდეს ახალი ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების ინტეგრირებული გეგმა”, – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი სისტემატიური მოთხოვნა ჰესებთან დაკავშირებული საკითხებზე საუბრის დროს.

„ნებისმიერ სამთავრობო დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არის გამოქვყეყნებული, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა პრიორიტეტად არის აღიარებული,  რასაც ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა, ამ მიზნების მიღწევა დაუშვებელია გარემოსა და ქვეყნის სოციალურ – კულტურული მემკვიდრეობის, სასაზღვრო უსაფრთხოების და დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების ხარჯზე, რაც პირდაპირ კავშირშია მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან. არერთ ამ პირობას მეგაჰესების მშენებლობა არ აკმაყოფილებს,  არამედ პირქით, აუარესებს სტატუსკვოს…

ჩვენი აზრით, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ენერგოუზრუნველსაყოფად საჭიროა:

  • მზის, ქარისა და ჰიდროთერმული გენერაციის წყაროების გამოყენების წახალისება;
  • თანამედროვე ტურბინებით აღჭურვილი გაზის თბოელექტროსადგურების მშენებლობა- განვითარება, გაზსაცავის მშენებლობა, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის საკითხის გადაწყვეტა, გაზისა და ნავთობის საკუთარი საბადოების პოტენციალის კვლევა და მოპოვება;
  • ენერგოეფექტურობის ასამაღლებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება;

არაფერი კეთდება უკვე არსებული ჰესების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,  რის გამოც მათი წარმადობა ხშირად დადგმული სიმძლავრის ნახევრაც ვერ აღწევს;

ამორტიზებულია გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც სისტემაში დიდია დანაკარგი”, – ნათქვამია სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” პარლამენტისადმი მიმართვაში.