ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ მიუღებელია – ბაქრაძე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე კონგრესმენების მიერ გაგზავნილი წერილები შეაფასა. კონგრესმენთა წერილებზე შეკითხვებს მან TV „იმედის” ეთერში უპასუხა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილების თემა ორად უნდა გავყოთ, რადგან საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელებისა და ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილებზე. მისი თქმით, ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილი კონკრეტულად შეეხება ერთ სამართლებრივ დავას, რომელიც ეხება კომპანია „ფრონტერას“, რომელიც წლებია,, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან სამართლებრივ დავაშია.

მისი თქმით, ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარმდაჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

„პირველ რიგში საკითხი უნდა გავყოთ ორად. ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების წერილზე და მეორე მხრივ, ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას. თავად კონგრესმენებიც მიუთითებენ იმ კომპანიის სახელს. ასე რომ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეეხება კომპანია „ფრონტერასა“ და იმ სამართლებრივ დავას, რომელიც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას წლების განმავლობაში აქვს „ფრონტერასთან“. ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარმდაჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წლების გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესში არაერთი პოლიტიკოსი თავის საარჩევნო ოლქს წარმოადგენს და კომპანია „ფრონტერას“ წარმომავლობის ადგილი ტეხასი და ოკლაჰომაა.

„შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ ინტერესი, მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსთან დავა აქვს. წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი წერილი, საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო წარდგენილი, რომელსაც ლოგიკური გაგრძელება აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია“, – ამბობს დავით ბაქრაძე.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის წერილის შეფასებისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს და საქართველოს საელჩო საქართველოში სრულად და ზუსტს ინფორმაციას მიაწვდის ყველა ამ პირს.

„ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის წერილზე გადავერთოთ. ის ფაქტობრივი უზუსტობები და თვლადი კრიტერიუმებით დანახული უზუსტობა, რომელიც შეეხებოდა ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების რაოდენობას და საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან რაიმე კითხვებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მათ, რადგან არაზუსტს ინფორმაციაზე აწერენ ხელს. ჩვენ, ამ მხრივ, გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ დაწყებული გვაქვს და სრულ და ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით, დავანახებთ უზუსტობებს, რომელიც ამ წერილში იყო“,  – ამბობს დავით ბაქრაძემ.

16 იანვარს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა გერი კონოლომ გიორგი გახარიას მიმართეს და საქართველოს ხელისუფლება პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს.

19 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღია წერილს უგზავნის და საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ინვესტიციებისა და გაუარესებული ეკონომიკური კლიმატის გამო აკრიტიკებს.