თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ – პრეზიდენტმა თავდაცვის ძალებს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა.

„29 წელია, თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ წინ ჯერ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით.

არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან.

არ შეიძლება, პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.