„ტრამპის მარშრუტის“ ფონდის თავმჯდომარე კონსტანტინ სოკოლოვმა სომხეთის სიდიდით მეორე მაღარო შეიძინა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

ამერიკულმა კომპანიამ, რომელსაც რუსეთში დაბადებული ამერიკელი ინვესტორი კონსტანტინ სოკოლოვი ხელმძღვანელობს, სომხეთში თეღუთის სპილენძ-მოლიბდენის მაღარო შეიძინა. სოკოლოვი ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ შესრულება-განვითარებაზე უნდა მოახდინოს ზედამხედველობა.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სომხეთის იურიდიული პირების რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანია Dynamic Frontier Holdings გახდა Cuprum RA-ს ახალი აქციონერი. სწორედ Cuprum RA მართავს თეღუთის მაღაროს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, Dynamic Frontier Holdings ტეხასში 2025 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, თუმცა არა სომხეთში. „რადიო თავისუფლების“ მიერ ტეხასის საგადასახადო რეესტრიდან მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელია ფლორიდაში რეგისტრირებული კონსტანტინ სოკოლოვი.

მანამდე „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ სოკოლოვი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მაღაროში 50%-ზე ოდნავ ნაკლები წილის შესაძენად. წილი სანქცირებულ რუსული სახელმწიფო ბანკს, VTB Bank-ს უნდა შეეძინა.

სოკოლოვი სომხეთში არაერთი შესყიდვითა და ინვესტიციით არის ცნობილი. 2024 წლის იანვარში მისმა კომპანია Fedilco Group-მა, რომელსაც ის ჩინელ ინვესტორ ჟე ჟანგთან ერთად ფლობს, სომხეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Viva-MTS-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კვიპროსში რეგისტრირებულ Fedilco Group-ს სომხეთის სხვა საკომუნიკაციო კომპანიებშიც აქვს წილები.

„Viva-MTS“-ის შეძენის შემდეგ, მოგვიანებით, 2024 წელსვე, სომხეთის მთავრობამ კომპანიის 20%-იანი წილი გაურკვეველი გარიგებით მოიპოვა, რომლის დეტალებიც დღემდე ბუნდოვანია. კომპანიის განცხადებით, მან აქციები მთავრობას საჩუქრად გადასცა.

სომხურმა საგამოძიებო გამოცემა Hetq-მა გარიგებიდან მალევე დაწერა, რომ არსებობდა კითხვები სოკოლოვის რეალურ როლთან დაკავშირებით Viva-MTS-ში და რომ კომპანიის მართვაში შესაძლოა სხვა პირები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

უფრო ახლახან, 14 ივლისს, The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოკოლოვი დაინიშნა TRIPP+-ის საწარმოთა ფონდის თავმჯდომარედ. ამ ფონდმა უნდა განახორციელოს ზედამხედველობა 200 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე, რომელიც გათვალისწინებულია ისტორიული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტისთვის — დერეფნისთვის, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს.

„ტრამპის მარშრუტი“, ანუ Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ახალი ჩართულობის ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია და 2025 წელს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ისტორიული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს მხოლოდ ინიციალები მოაწერეს, თუმცა ხელი არ მოუწერიათ. ამავე დროს, სწორედ ამ შეხვედრამ ჩაუყარა საფუძველი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტს.

კონსტანტინ სოკოლოვი აშშ-ში 1997 წელს, 21 წლის ასაკში გადავიდა. მას საქველმოქმედო საქმიანობისა და აშშ-ის პოლიტიკურ პარტიებისთვის, ძირითადად რესპუბლიკური პარტიისთვის, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოწირულობების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

მისი ყველაზე მსხვილი დონაცია, როგორც ჩანს, 2025 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტისთვის გაღებული 100 მილიონი დოლარია, რომელიც უნივერსიტეტის Booth School of Business-ის მხარდასაჭერად გადაირიცხა. სოკოლოვმა სწორედ ეს ბიზნესსკოლა დაამთავრა 2005 წელს.

გარდა ამისა, სოკოლოვმა ფინანსურად დაუჭირა მხარი არაერთ რესპუბლიკურ კამპანიასა და კანდიდატს, მათ შორის დონალდ ტრამპის მეორე ვადის პერიოდში მის Super PAC-ს 11 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის პროექტისთვის – უცნობი ოდენობის თანხა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.