„თუ არ დაინიშნება არჩევნები, დაიწყება მშვიდობიანი აქციებისთვის მზადების პროცესი" – ოპოზიცია გეგმაზე

პუბლიკა

„ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და გაგრძელდება ბრძოლა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება; არის გეგმა, რომელიც არ არის აუცილებელი, თქვენ იცოდეთ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა მელიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.

„მთავარი არის, რომ ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას, ან, ბუნებრივია, ახლა ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი გაუქმებულია, ერთპარტიული პარლამენტია, სასამართლო სისტემა, აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს, საზოგადოებაში არსებული პროტესტი, მელიას თქმით, „აზვირთდება“ და უკმაყოფილებაში გადაიზრდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ეს უკმაყოფილება არის თუ არა რევოლუცია? – მელია ამბობს: „გადაიზრდება და ტრანსფორმირდება… შეიძლება მათ შორის დიახაც მშვიდობიან რევოლუციაში. მშვიდობიანი რევოლუცია არის, იცით რა? როდესაც არჩევნებს არ გიტარებთ“.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები აუცილებლად გაიმართება:

„მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება. არ არსებობს, ხალხნო, არ არსებობს, ასეთ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ გაიმართოს, სახელმწიფო ასეთ რეჟიმში ფუნქციონირებას ვერ განაგრძობს“, – განაცხადა მელიამ.

პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან ერთად განიხილეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები.

ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია მოამზადებს საინფორმაციო დოკუმენტს და იმუშავებენ დასავლელ პარტნიორებთანაც.

„ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ უმსგავსობას, რაც გახმაურდა კობახიძის პირით, რომ პრაქიკულად პარტიებს განადგურებით და გაუქმებით დაემუქრნენ, აღარაფერს ვამბობ ფინანსურ განადგურებაზე, შემდეგ ძალიან კარგად ვიცით, რომ მედიის ჯერიც დადგება, თავისუფალი მედიის, იმიტომ რომ ესეც დაანონსდა. ამაზე ჩვენ ბუნებრივია რეაგირება გვექნება, მოვამზადებთ საინფორმაციო დოკუმენტს და ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე სამომავლოდ დაგეგმილ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მანამდე ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, გაზაფხულზე აქციები დაიწყება.

„თუ მანამდე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხერხდება, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, არანაირი აქციები არ იქნება; თუ არ მოხერხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, დემოკრატიული ფორმა, კონსტიტუციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება“, – თქვა ბურჯანაძემ.

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს რომ, აქციები აქტივისტების მხრიდან არც შეწყვეტილა და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების რეაქცია იქნება სხვადასხვა ინტენსივობით და განგრძობითად, გამოიყენებენ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს.