დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შტამი არ გამოიკვეთება, მაშინ ჯანმო, დიდი ალბათობით, წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.
„დღეს პირველი დღეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ [გარდაცვალების] ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებით აკეთებენ და მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც და მათ საფუძველზე ასევე ჩვენც ვაკეთებთ პროგნოზირებას, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში. შესაძლებელია მცირე პუნქტუაციებით.
არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არავინ გარდაცვლილა, გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 1.43%.