თუ სესხის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჰკითხეს, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშზე. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას დამატებით 75 მილიონი ევრო არ ესაჭიროება, ხოლო თუ ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად მიმართავენ ევროკავშირს.

„როდესაც დადგება იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ დამატებით ავიღოთ 70 მილიონი ევროს სესხი, ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება, თუ დღის წესრიგში დადგება აუცილებლობა, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი სესხის აღება, ახლა ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ აღებული სესხები რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ. აქ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებია ჩართული… ყველა ის მსხვილი პროექტი, რომელიც ხორციელდება, მაგალითად, ავტობუსების შესყიდვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხდება. შესაბამისად, სახელმწიფომ დაიწყო ამ ვალების დაბრუნება. თუ იმის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, რომ ჩვენ გვინდა დამატებით 70 მილიონი სესხად ავიღოთ და კონკრეტული ადამიანები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ეს არის თითქოს დახმარება, საჩუქარი – ეს ასე არ არის, ეს არის სესხი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მომსახურება, თუ ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს“, – განაცხადა კალაძემ.


31 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანხის მიღებაზე, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირისგან მისაღები თანხა სესხია, საქართველოს კი დღეს აღარ სჭირდება სესხის დამატებით აღება და ხელისუფლებამ საგარეო ვალის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თანაც ამ ტრანშმა „დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა“ და ხელისუფლებას „ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილება სურს“.

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ კიევში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროკავშირისგან თანხის მიღებამდე ხელისუფლებას წინაპირობები უნდა შეესრულებინა. მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირისგან ტრანშს ვერ მიიღებდა.

ასე რომ, რადგან „ქართულ ოცნებას“ მას შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ არც უსაუბრია, სავარაუდოდ, საქართველო ამ ტრანშს ისედაც ვერ მიიღებდა.