თუ ვინმეს უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა - ხაბეიშვილი კრიტიკაზე

პუბლიკა

„არჩევნები მორჩა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არჩევანი გააკეთეს, ჩვენ და ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ესაა მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა“, –  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებების გამო თანაგუნდელების კრიტიკას პასუხობს.

ხაბეიშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც, ოფისებიც და ნულიდან დაიწყოს ყველაფერი.

ხაბეიშვილის ამ განცხადებას თანაგუნდელების, მათ შორის, ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას აპირებს.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არჩევნები მორჩა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავმჯდომარედ ის აირჩიეს.

„გუშინ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გავაკეთე განცხადება, შესაბამისად, ვინმეს რამე თუ არ მოეწონა, ვინმესთვის რამე თუ გაუგებარია, ჰკითხეთ მას. ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას.

არჩევნები მორჩა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არჩევანი გააკეთეს, ჩვენ და ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ესაა მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა.

თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით და არის მოტივირებული ვინმეს ეკინკლაოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე“, – განაცხადა მან.


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც, ოფისებიც და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი.

მისი ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს.

„ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო პოსტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი უნდა დაანებოს ყველამ. ასევე, როგორც ის ამბობს, ისეთი განცხადება როგორიც ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს.